თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაოს ტექნოლოგიები

ქაფით რეცხვის ტექნოლოგია
(უკონტაქტო რეცხვა)

უკონტაქტო რეცხვის გამოყენება, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც შემუშავებული იქნა ე.წ. აქტიური ქაფის ტექნოლოგია, რომელიც დაფუძნებულია თანამედროვე, მძლავრი, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებებისა და რეცხვის გამაძლიერებელი სპეციალური დანამატების ერთობლივ ზემოქმედებაზე. პროპორციების ზუსტი დაცვით, სპეციალური მოწყობილობის საშუალებით ხდება აქტიური ქაფის დოზირება და მისი მიწოდება მაღალი წნევის ტუმბოში, აქედან კი მილსადენის გავლის შემდგომ, ქაფის „პისტოლეტის“ მეშვეობით ხდება მისი შეფრქვევა ავტომობილის ზედაპირზე „თოვლის ქურქის“ სახით. აქტიური ქაფი რეაქციაში შედის ჭუჭყთან და ცხიმებთან და ახდენს მათ აბსორბირებას. ქაფით რეცხვის უკონტაქტო ტექნოლოგიის უპირატესობა ისაა, რომ მისი გამოყენებისას არ ხდება ავტომანქანის ზედაპირის მიკროგრანულებით დაზიანება. დღეისათვის თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაოების დანადგარების მხოლოდ რამოდენიმე მწარმოებელს შეუძლია მყიდველებისათვის ამ ტექნოლოგიის შეთავაზება.

ფხვნილით რეცხვის ტექნოლოგია
(უკონტაქტო რეცხვა)

ამ შემთხვევაში გამოიყენება რეცხვის შემდეგი პრინციპი: მადოზირებელი მოწყობილობით ფხვნილი გადადის სპეციალურ ავზში, სადაც ხდება მისი გახსნა თბილი წყლით, აქედან სარეცხი ხსნარი (რომელიც ვიზუალურად საპნის ხსნარს წააგავს) მიეწოდება ტუმბოს და მილის გავლით, სარეცხი „პისტოლეტის“ ბუნიკის მეშვეობით, მაღალი წნევის ქვეშ მიესხურება ავტომანქანის ლაქ-საღებავით დაფარულ ზედაპირს. ამ მეთოდით რეცხვისას, ხარისხიანი შედეგის მისაღწევად, აუცილებელია ავტომანქანის ძარაზე მიმართული პისტოლეტიდან გამოსული ჭავლით (ფხვნილის ნაზავით) არ გამოვტოვოთ ადგილები, თორემ ეს ადგილები გაურეცხავი დარჩება. ამის გამო, თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაოზე ფხვნილით რეცხვის ტექნოლოგიის გამოყენებისას, რეცხვის მთლიანი დროის (დაახლოებით 10 წუთი) უდიდესი ნაწილი ( 5-7 წუთი), სწორედ ამ პროგრამაზე (ფხვნილით რეცხვა) იხარჯება.

ჯაგრისით რეცხვის ტექნოლოგია
(კონტაქტური რეცხვა)

ავტომანქანის კონტაქტური მეთოდით რეცხვისას მადოზირებელი მოწყობილობის დახმარებით წყალში გახსნილი შამპუნი მილის გავლით მიეწოდება „პისტოლეტს“, რომლის თავზეც დამაგრებულია ჯაგრისი. რეცხვის ხარისხი დამოკიდებულია თქვენს ცოდნაზე, თუ როგორ გახეხოთ ჯაგრისით თქვენივე ავტომანქანის ლაქ-საღებავით დაფარული ზედაპირი... ამის შემდეგ, შამპუნის, ქვიშის, ჭუჭყისა და ცხიმების ნარჩენების ჩამოსაშორებლად, ავტომანქანას უნდა გადავავლოთ მაღალი წნევის ქვეშ მყოფი წყალი. ამ ტექნოლოგიის უარყოფით მხარეს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ჯაგრისთან კონტაქტის შედეგად შეიძლება დაიკაწროს ავტომანქანის ზედაპირი, რადგანაც, პრაქტიკიდან გამომდინარე, ჯაგრისი ყოველთვის არ იმყოფება კარგ მდგომარეობაში და მის ბეწვებზე გროვდება ქვიშა და ჭუჭყი. ამის გამო, ჩვენ არ ვუწევთ რეკომენდაციას ამ ტექნოლოგიას თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაოზე გამოსაყენებლად.